„რაგბი ჩემფიონშიფი“-ს მეოთხე ტურის ორივე შეხვედრა გულშემატკივართათვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
დღის პირველ მატჩში ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ძალზედ დრამატული შეხვედრა ორ ქულიანი სხვაობით – 34-36 დათმო.
საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკელებმა 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს ახალ ზელანდიელების სტუმრად დამარცხება.
„შავებმა“ მეტოქეს ექვსი ლელო დაუდეს, თავად კი მხოლოდ ხუთი გაუშვეს, მაგრამ ბოდენ ბარეტმა ოთხი დარტყმა გააფუჭა, რამაც შეხვედრის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია.
მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მალევე მოიპოვეს და მე-20 წუთისთვის 12 ქულით დაწინაურდნენ (ჯორდი ბარეტი 5′, აარონ სმიტი 16′). „ქურციკები“ ჩამორჩენამ არ შეაშინა და 38-ე წუთამდე მეტოქეს სამი უპასუხო ლელო (დიანტი 20′, ლე რუ 25′, მარქსი 33′) დაუდეს. პოლარდმა სამივე ლელო გარდასახა, რასაც პირველი ნახევრის ბოლო წუთზე საჯარიმო დარტყმაც დაუმატა. 38-ე წუთზე ერთი ლელო რეიკო იოანემ გაქვითა და სტუმრებმა ტაიმი 17-24 მოიგეს.
მეორე ნახევრის სტარტზე ლელო სამხრეთ აფრიკელებმა დადეს. მისი ავტორი მოედანზე ახლად შემოსული ჩესლინ კოლბი იყო, რომელიც ბურთს ფაქტიურად პირველად შეეხო. ახალი ზელანდია თამაშში იოანეს მეორე ლელოთი დაბრუნდა, მაგრამ ორიოდ წუთში დუბლი დიანტიმაც შეასრულა და სამხრეთ აფრიკელებს კომფორტული უპირატესობა დაუბრუნა. შეხვედრის დასრულებამდე „შავებმა“ ორი ლელო დადეს (ტეილორი 61′, სავეა 74′), მაგრამ ბოდენ ბარეტმა ერთი გარდასახვა გააფუჭა და ანგარიში ვერ გაათანაბრა – 34-36.
ბოლო წუთებში მასპინძლებმა მეტოქის ნახევარზე შტურმი მოაწყვეს, თუმცა სამხრეთ აფრიკელებმა თავი იდეალურად დაიცვეს, რასაც დემიენ მაქენზის შეცდომა და თამაშის დასრულება მოჰყვა.
„რაგბი ჩემფიონშიფში“ მეორე გამარჯვება მოიპოვეს „პუმებმა“. არგენტინელები ავსტრალიას ესტუმრნენ და „ვოლაბები“ დაძაბულ შეხვედრაში – 23-19 დაამარცხეს.
პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს. არგენტინა პირველივე წუთებზე ბოფელის ჯარიმით დაწინაურდა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ავსტრალიელთა მხრიდან თავი გენიამ და ფოლაუმ გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან კი ლელოები სანჩესმა და დელგიმ დაამიწეს – 14:17.
დაპირისპირების მეორე ნახევრის ერთადერთი ლელო 55-ე წუთზე დეინ ჰეილეტ-პეტიმ დადო. არგენტინელებმა მართალია 40 წუთი ულელოოდ გაატარეს, მაგრამ ნიკოლა სანჩესმა ორი საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რად გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა – 23-19.
არგენტინელებმა ავსტრალიას სტუმრად ბოლო 35 წელში პირველად მოუგეს.
ოთხი ტურის შემდეგ „რაგბი ჩემფიონშიფს“ კვლავ ახალი ზელანდია ლიდერობს. მოქმედი ჩემპიონების ანგარიშზე 16 ქულაა. მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკა გადავიდა. „ქურციკებს“ 10 ქულა აქვთ. მესამე ადგილოსან არგენტინას რვა ქულა აქვს, ხოლო ავსტრალიელები კი ხუთი ქულით, ბოლო, მეოთხე ადგილს იკავებენ.