სენსაცია ეროვნულ ლიგა 2-ში - ბათუმის „დინამომ" აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
სენსაცია ეროვნულ ლიგა 2-ში - ბათუმის „დინამომ" აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის მეთორმეტე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. მცხეთაში “ცხინვალი” “შევარდენი 1906”-ს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. “იუნკრებს” მორიგი გამარჯვება 36 წლის ვეტერანმა, დავით ოდიკაძის მოუტანა, რომელმაც მეტოქის კარი 34-ე წუთზე აიღო 0:1.

გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა “გაგრამ” ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “თელავს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ანგარიში მე-9 წუთზე “გაგრას” შემტევმა ნახევარმცველმა რატი ცაცკრიალაშვილმა გახსნა, კახელებმა კი წონასწორობა 84-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძის გოლით აღიდგინეს და შეხვედრა ასეც დასრულდა 1:1.

ანგისას საფეხბურთო კომპლექსში აჭარული დერბი გაიმართა – ბათუმის “დინამოს” მეორე ადგილზე გადანაცვლების შანსი ჰქონდა, რადგან აუტსაიდერ ქობულეთის “შუქურას” იღებდა, მაგრამ მასპინძლებმა ამ შანსით ვერ ისარგებლეს. ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს – 35-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი ზუსტად შეასრულა. თუმცა 77-ე წუთზე ქობულეთელთა ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ “დინამოს” კარი აიღო და სენსაციური შედეგი დააფიქსირა – ერთ-ერთმა ლიდერმა აუტსაიდერს ვერ აჯობა 1:1.

12 ტურის შემდეგ “ვიტ ჯორჯია” 23 ქულით ლიდერობს, 21 ქულით მეორეზე “ნორჩი დინამოა”, ხოლო ბათუმის “დინამო” 20 ქულით მესამეა. მიუხედავად დღევანდელი სენსაციისა, “შუქურა” ხუთი ქულით ისევ ბოლო, მე-10 საფეხურზეა.