სენატში უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განხილვისას ცხარე კამათი იყო, რამდენიმე კანონმდებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება
სენატში უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განხილვისას ცხარე კამათი იყო, რამდენიმე კანონმდებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება

„სიენენი“ სენატში გამართული დახურული შეხვედრის დეტალებს ავრცელებს, რომელზეც უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრა დაძაბული იყო და ცხარე კამათში გადაიზარდა, სადაც რამდენიმე მონაწილე ყვიროდა კიდეც. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ რამდენიმე ამერიკელი კანონმდებელი უკმაყოფილო იყო, რომ უკრაინის დახმარების პაკეტში არ მოხვდა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საკითხი.

როგორც სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ამბობს, კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმცირესობის ლიდერებმა ერთ-ერთ სენატორს სთხოვეს, აშშ-ის საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ ანგარიში წარედგინა, იმის ნაცვლად, რომ მას კითხვა უკრაინის საკითხზე დაესვა. შუმერის თქმით, ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა უპატივცემულობა გამოიჩინა და ერთ-ერთ გენერალს უყვირა იმის გამო, რომ ისინი საზღვარზე არ ჩადიან.

„სიენენის“ ცნობით, ეს რესპუბლიკელი სენატორი არკანზასიდან ტომ კოტონი იყო. თავად კოტონმა განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა უარი თქვეს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არსებულ კრიზისთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, რამაც მისი აღშფოთება და დაძაბულობა გამოიწვია.

რესპუბლიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ მთელი ეს შეხვედრა დროის ფუჭად კარგვა იყო და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მოლაპარაკებები დატოვა კიდეც.

„ეს იყო დრამატული, რადგანაც თქვენ გაქვთ მთელი პოლიტიკური პარტია, რომელიც მზადაა, უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა უნიტაზში ჩარეცხოს, რადგან მათ ურჩევიანთ ფართოდ გახსნილი საზღვარი ჰქონდეთ“, – განაცხადა სენატორმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა მით რომნიმ თქვა, რომ რესპუბლიკელებს სურთ უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა, მაგრამ აუცილებელია საზღვარზე უფრო მკაცრი ზომების მიღება. დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა კი ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტის კვალი აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში გაჰყვება.

„დაზვერვა, უკვე რამდენიმე თვეა, ამბობს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს პუტინი, რომ მას შეუძლია, დაელოდოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, მას შეუძლია ლოდინი დასავლეთზე, აშშ-ზე დიდხანს, და მე არ მესმის ჩემი მეგობრების, რომელთაც, როგორ ჩანს, სურთ, დაამტკიცონ, რომ პუტინი მართალია“, – განაცხადა უორნერმა.

ცნობისთვის, დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს მართავდნენ, რათა კომპრომისისთვის მიეღწიათ, თუმცა დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რესპუბლიკელებს არ სურთ საზღვრის საკითხზე უკან დახევა.