სენატორი როჯერ უიკერი - მოვუწოდებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს
რესპუბლიკელი სენატორი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი როჯერ უიკერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, დააწესოს სანქციები „ქართულის ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
რესპუბლიკელი სენატორის მიმართვას სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
„მე ვიტყოდი, რომ ახლა დროა, აშშ-მა უფრო გადამწყვეტი და დროული გადაწყვეტილება მიიღოს. სანახევრო ზომები არასწორი გზავნილი გახლავთ ამ ეტაპზე. მე მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს რესპუბლიკა არის თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლი. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ მოსკოვის ფეხქვეშ და უკან დაბრუნება არ სურთ“, – აცხადებს უიკერი ვიდეომიმართვაში.