სენატორი ქეითი ბრიტი ჯო ბაიდენის გამოსვლას ეხმაურება - ამერიკული ოცნება მრავალი ოჯახისთვის ღამის კოშმარად იქცა
სენატორი ქეითი ბრიტი ჯო ბაიდენის გამოსვლას ეხმაურება - ამერიკული ოცნება მრავალი ოჯახისთვის ღამის კოშმარად იქცა

ამერიკული ოცნება მრავალი ოჯახისთვის ღამის კოშმარად გადაიქცა, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის სახელით სენატორი ალაბამის შტატიდან, ქეითი ბრიტი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვას.

„სწორედ ახლა, ამერიკული ოცნება მრავალი ოჯახისთვის ღამის კოშმარად გადაიქცა. ჩვენი სახელმწიფოს ჭეშმარიტი, შეუალამაზებელი მდგომარეობა იწყება და მთავრდება ამით – ჩვენი ოჯახები იტანჯებიან. ჩვენს ქვეყანას მეტის გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა სენატორმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვაში რესპუბლიკელმა კანონმდებელმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე შექმნილი ვითარების, ეკონომიკური ვითარების, ასევე კრიმინალსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო.

„სწორედ ახლა ჩვენი მთავარსარდალი არ მეთაურობს. თავისუფალი მსოფლიო იმსახურებს უკეთესს, ვიდრე მერყევ და დაკნინებულ ლიდერს. ამერიკა იმსახურებს ლიდერს, რომელიც აღიარებს, რომ საზღვრების დაცულობა, სტაბილური ფასები, უსაფრთხო ქუჩები და ძლიერი თავდაცვა არის დიდებული ქვეყნის ქვაკუთხედი“, – განაცხადა მან.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, აშშ არის გზაჯვარედინზე და ეს ასე არ უნდა იყოს.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო მუდმივი პოლიტიკოსის გამოსვლა, რომელიც თანამდებობაზეა იმაზე დიდხანს, ვიდრე მე ვარსებობ. ერთი რამ საკმაოდ ცხადია, პრეზიდენტ ბაიდენს უბრალოდ ეს არ ესმის. მისი ადმინისტრაციის პირობებში ოჯახების მდგომარეობა უარესდება, ჩვენი დასახლებები ნაკლებად უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაცული. მე, უბრალოდ, მსურს, მან იცოდეს, რას განიცდიან ნამდვილი ოჯახები სამზარეულოს მაგიდებთან, როგორიც ჩემი მაგიდაა. ეს ის ადგილია, სადაც ჩემს ოჯახს მძიმე საუბრები აქვს. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ რთულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს კარგ, ცუდ და საშინელ დღეებს, სადაც ერთად ვიცინით, სადაც ერთმანეთს ხელს ვკიდებთ და ვლოცულობთ. და ამაღამ ამერიკულ ოჯახში უნდა იყოს მძიმე საუბარი, რადგან სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, ყველა ვდარდობთ ერის მომავალზე. ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს, ხელიდან გვეცლება. შეგრძნებაა, თითქოს მომავალ თაობას ექნება ნაკლები შესაძლებლობები, ნაკლები თავისუფლება, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ვშიშობ, ჩემს შვილებს არ ექნებათ შანსი, განახორციელონ თავიანთი ამერიკული ოცნება“, – განაცხადა ბრიტმა.

ქეითი ბრიტი აშშ-ის სენატში რესპუბლიკური პარტიიდან არჩეული ყველაზე ახალგაზრდა ქალია.