სენატორი ლინდსი გრემი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობას პოლიტიკური შურისძიების არაკონსტიტუციურ აქტს უწოდებს
სენატორი ლინდსი გრემი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობას პოლიტიკური შურისძიების არაკონსტიტუციურ აქტს უწოდებს

სენატორი ლინდსი გრემი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობას პოლიტიკური შურისძიების არაკონსტიტუციურ აქტს უწოდებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა დემოკრატების ლიდერს, ჩაკ შუმერს წერილი მისწერა და მოუწოდა, სენატში შესვლისთანავე იმპიჩმენტის მუხლზე უარი თქვან. ლინდსი გრემის განცხადებით, იმპიჩმენტი არსებობს ქვეყნის დასაცავად იმ ზიანისგან, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა შეიძლება, გააკეთოს თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში და არა „პოლიტიკური უკმაყოფილების გასამართლებლად“ პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

„როდესაც რესპუბლიკელები 115-ე კონგრესში ორივე პალატას აკონტროლებდნენ, უნდა მოეხდინათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმპიჩმენტი და დისკვალიფიკაცია, რათა სამომავლოდ ვეღარ დაეკავებინა თანამდებობა ბენღაზის ინციდენტზე მისი რეაქციის გამო? ახლა დემოკრატებმა, რომლებიც ორივე პალატას აკონტროლებენ, უნდა მოახდინონ ტრამპის ადმინისტრაციის წევრების დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ? სენატის მიერ იმპიჩმენტის მცდელობა პოლიტიკური შურისძიების არაკონსტიტუციური აქტი იქნება“, – წერს ლინდსი გრემი.

2012 წლის სექტემბერში ლიბიის ქალაქ ბენღაზიში, ამერიკის საკონსულოზე განხორციელებულმა თავდასხმამ ამერიკის ელჩი და აშშ-ის კიდევ სამი მოქალაქე იმსხვერპლა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავდასხმაზე დაგვიანებული რეაგირებისა და ინციდენტის სერიოზულობის დამალვის მცდელობის გამო.