სენატორი კამალა ჰარისი აპირებს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს
დემოკრატმა სენატორმა კალიფორნიის შტატიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
პოლიტიკოსის თქმით, ის სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და წესრიგისთვის იბრძოლებს. ის საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად 27 იანვარს კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში გამოაცხადებს.
კამალა ჰარისი 1964 წელს იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, ასევე ჰასტინგსის კოლეჯის იურიდიული ფაკულტეტი. 2011 წელს დაინიშნა კალიფორნიის გენერალურ პროკურორად. ჰარისი სენატში 2016 წელს აირჩიეს.
კამალა ჰარისი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური კრიტიკოსია. ამერიკული მედიასაშუალებები მას დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს სენატორმა ელიზაბეთ უორენმა, სენატორმა კირსტენ ჯილიბრენდმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჰავაის შტატიდან ტულსი გაბარდმა, კონგრესმენმა ჯონ დელანიმ და სან ანტონიოს ყოფილმა მერმა ჯულიან კასტრომ.