სენატორი ჯონი ერნსტი - პრემიერი, ყველა ადამიანი უნდა დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, რომ სხვა ერები ცდილობდნენ, საქართველოს უკარნახონ, რა იყოს მისი ღირებულებები
ვეტყოდი პრემიერ-მინისტრსა და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – აცხადებს აშშ-ის სენატორი ჯონი ერნსტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
სენატორმა უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას საქართველოს შესახებ. ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორია სენატორის შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან და ასევე, მისი აზრით, სად არის საქართველო დღეს:
„დიახ, მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნატო-ს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ, საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შევხედრისთვის დრო გამოყო… და კიდევ ერთხელ მინდა, ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია.
ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ, იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ“, – განაცხადა სენატორმა ჯონი ერნსტმა.