სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს წინ აქვს მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა, სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ პარტნიორებს
სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს წინ აქვს მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა, სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ პარტნიორებს

მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოსა და რუმინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის ფონზე.

„ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, სწორედ ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. რუმინეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.