სენატორი ჯინ შაჰინი - აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო
სენატორი ჯინ შაჰინი - აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო

აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორ ჯინ შაჰინი „იუესეი თუდეიში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში აცხადებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გამოქვეყნდა.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, – წერს ამერკელი სენატორი.

სტატიაში გავლენიანი ამერიკელი სენატორი ასევე ამახვილებს ყურადღებას შავ ზღვაში რუსეთის გაზრდილ აქტივობაზე და არ გამორიცხავს, რომ წელს შემოდგომაზე მოსკოვმა კიდევ ერთხელ გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ. სენატორის თქმით, ნატო-მ სერიოზულად უნდა განიხილოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

„პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ნატო-ში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააქარწყლებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატო-ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით – არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში – დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში.