სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საარჩევნო შეთანხმებას იწონებენ და ყველა მხარეს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ
სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საარჩევნო შეთანხმებას იწონებენ და ყველა მხარეს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის „დემოკრატი“ ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ.

„მოხარული ვარ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ მიღწეული შეთანხმებით ამ უქმეებზე და ველოდები მის სრულ იმპლემენტაციას მომდევნო კვირებსა და თვეებში“, – აცხადებს რიში.

მისივე თქმით, შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის აღდგენისკენ და კარგი მმართველობისკენ.

„მიმდინარე წლის დასაწყისში მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა მივწერეთ პრემიერ-მინისტრ გახარიას და გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და ვურჩიეთ საქართველოს მთავრობას, დაესრულებინა დემოკრატიის უკუსვლა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის აღდგენისკენ და კარგი მმართველობისკენ. რამდენადაც საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის წელს, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარემ პატივი სცეს მას“, – აცხადებს რიში.

მისივე თქმით, აშშ ელოდება, იხილოს სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში ამ შემოდგომაზე.

„მადლობას ვუხდი ყველა მხარეს რთული კომპრომისებისთვის, რომლებიც საჭირო იყო საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის“, – აღნიშნავს რიში.

სენატორი შეთანხმების ციტირებას ახდენს: „დამატებით, მივესალმები კვირას ერთობლივ განცხადებაში გაკეთებულ დაპირებას, მოხდეს რეაგირება „ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების შეუსაბამო პოლიტიზებად“ და ველოდებით პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

სენატორი ჯინ შაჰინი აღფრთოვანებულია, რომ „საქართველოს მთავრობა დგამს პირველი ნაბიჯს საარჩევნო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით მიცემული პირობის შესასრულებლად. როგორც ის აცხადებს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი ერის დემოკრატიისთვის“.

„2012 წლიდან ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ამ დემოკრატიული გადასვლისკენ და მათ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიზნის მისაღწევად. ასევე, ძალიან ვაფასებ, რომ საქართველო ითვალისწინებს ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებებს სამოქალაქო ჩართულობის პატივისცემასა და ქართველი ხალხის ხმასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ასპექტია. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზას და ერთგული იქნება მათი დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებისკენ“, – აცხადებს სენატორი შაჰინი.