სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტმა ჯო ბაიდენის შვილის უკრაინულ კომპანიაში მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება მოითხოვა
აშშ-ის სენატში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის უკრაინულ კომპანიაში მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიწოდება მოითხოვეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხების კომიტეტში მიიღეს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
ყველა რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც კანონმდებლები აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია „ბურისმაში“ მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციას წარდგენას ითხოვენ. ყველა დემოკრატმა ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
კომიტეტის წევრები დოკუმენტაციას ითხოვენ კომპანია „ბლუ სტარ სტრატეჯისგან“, რომელიც უკრაინულ კომპანია „ბურისმასთან“ თანამშრომლობდა.
აღსანიშნავია, რომ თავად კომპანია „ბლუ სტარ სტარატეჯისში“ განაცხადეს, რომ კანონმდებლებთან აღნიშნულ საკითხზე 2019 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობენ და სენატის კომიტეტში დოკუმენტაცია მოთხოვნისამებრ რამდენჯერმე უკვე გადაგზავნეს. ამასთან, კომპანიაში მზად არიან, კვლავ განაგრძონ სენატის წევრებთან თანამშრომლობა.
სენატში რეზოლუციის მიღების ინიციატორი კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონია.
ჯო ბაიდენის შტაბში მომხდართან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „სენატორი ჯონსონი, ამერიკელი ხალხის სიცოცხლეზე ზრუნვის ნაცვლად, ტრამპისთვის თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობს“.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანთერის გარშემო სკანდალი ხელახლა მას შემდეგ აგორდა, რაც უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა პროკურატურაში წარადგინა ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. როგორც აუდიოფაილებიდან ირკვევა, ადამიანები, რომელთა ხმები ბაიდენისა და კერის ხმებს ჰგავს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისგან, პეტრო პოროშენკოსგან უკრაინის ყოფილი პროკურორის, ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, ამის მიზეზი შოკინის მიერ ბაიდენის შვილის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიებაა.
რადას დეპუტატ დერკაჩის მიერ პროკურატურაში წარდგენილი მასალების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფისში ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდეს. ანალოგიური განცხადება გააკეთეს ჯო ბაიდენის შტაბშიც.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ უნდა ჩაატაროს“.