სენაკში სტიქიის დროს დაზიანებულ ხიდს დროებითი კონსტრუქციით ჩაანაცვლებენ
სენაკში სტიქიის დროს დაზიანებულ ხიდს დროებითი კონსტრუქციით ჩაანაცვლებენ

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის ნაცვლად, დროებითი ხიდი მოეწყობა. ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კობა გაბუნია, გეოლოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას გაეცნენ.

სენაკში დილიდან გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ირეცხება ქალაქის შიდა ქუჩები და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები. პარალელურად, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.

უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა, საავტომობილო ხიდები დააზიანა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

დატოვე კომენტარი