სენ-დენის მერი აცხადებს, რომ საფრანგეთში მიმდინარე აქციებს პოლიტიკური და არა საპოლიციო რეაგირება სჭირდება
პარიზის გარეუბნის, სენ-დენის მერი ბალი ბაგაიოკო აცხადებს, რომ საფრანგეთში მიმდინარე აქციებს პოლიტიკური და არა საპოლიციო რეაგირება სჭირდება.
როგორც ბალი ბაგაიოკომ რადიოსადგურ RTL-თან განაცხადა, დღეს დეესკალაციის გადაუდებელი აუცილებლობაა.
მისივე თქმით, სკოლებში არსებული პირობები შემაშფოთებელია.
„სახელმწიფო ნელა მოქმედებდა, რამაც წლების განმავლობაში მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა სენ-დენის მერმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური აქციები სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, მოგვიანებით კი საპროტესტო ტალღას უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.
ამასთან, საფრანგეთში დღეს საპროტესტო აქციების ახალი ტალღაა დაანონსებული. დღევანდელ აქციას მასწავლებელთა პროფკავშირი SNES-FSU უჭერს მხარს და საზოგადოებას დემონსტრაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.