სემინარი სპორტში მანიპულაციებისა და კორუფციის წინააღმდეგ - პროგრამის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები გადამზადდებიან #1TVSPORT
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ოლიმპიურ კომიტეტში Erasmus-ის საგრანტო პროექტის, Integrisport Next-ის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.
სემინარი ეხება სპორტში მანიპულაციებისა და კორუფციის თემას და მიზნად ისახავს კვლევას, რომელიც დაეხმარება საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს ამ კუთხით კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ღონისძიების გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტში საქართველოსთან ერთად ევროპის 11 ქვეყანა, 19 პარტნიორი ორგანიზაცია და სპორტული მანიპულაციის თემაზე მომუშავე 70 დაწესებულებაა ჩართული.
სფფ-ს ცნობით, პროგრამის ფარგლებში გადამზადდება ათობით სპეციალისტი. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები, კარლოს გუტიერესი და ნორბერტ რუბიჩეკი, რომლებიც სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბზიკაძემ, რომელიც ფეხბურთში ამ მიმართულებითაც საქმიანობს და დიდი გამოცდილება გააჩნია. მან მოხსენებაში ჩატარებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.