სემეკი „თელმიკოს“ წინააღმდეგ 50-მდე საჩივარს განიხილავს
სემეკი „თელმიკოს“ წინააღმდეგ 50-მდე საჩივარს განიხილავს

კომპანია „თელმიკოს“ წინააღმდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში საჩივრის სახით 50-მდე განაცხადია შესული. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, მაშინ „თელმიკოსთან“ მიმართებაში სემეკი მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.

„მარეგულირებელი კომისია სწავლობს 50-მდე განაცხადს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა „თელმიკოსთან“ დაკავშირებით საჩივრის სახით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთ ნაწილში იკვეთება თანხების არასწორი დარიცხვა, საიდან გამომდინარეც, ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე მოხდა მომხმარებელთა გადაყვანა და შესაბამისად მათ უფრო მაღალი დაანგარიშება კომპანიის მიერ. ამ და სხვა საკითხებს ჩვენ დეტალურად შევისწავლით და 12 აგვისტოს კომისიის სხდომაზე იქნება საკითხის მოსმენა. შესაბამისად, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო უმკაცრესი. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, მაშინ გამოვიყენებთ მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს. პირველადი მოკვლევით არის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესის და რეგულაციების უგულებელყოფა, არასწორი დარიცხვები და შესაბამისად, ყველა ამ საკითხს ჩვენი მხრიდან ექნება სათანადო რეაგირება.
ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ პრევენციულადაც ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდეც.

არაერთი განმარტება მივეცით რეფორმის ფარგლებში „თელმიკოს“, არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ გარკვეული შეცდომები დაუშვეს და ჩვენ მათ დავავალებთ, რომ ყველა, ნახევარ მილიონამდე აბონენტი, რომელიც თბილისში გვყავს, ყველა მათგანის დარიცხვებს გადახედოს და ყველა მათგანის დარიცხვებში, სადაც კი არასწორად არის დარიცხვები, დააკორექტიროს. იმ შეცდომის გამო, რაც დაუშვეს, იქნება სწორედ მაქსიმალური პასუხისმგებლობის ფორმა გამოყენებული და თუ განმეორებას ექნება ადგილი, ჯარიმებიც გაორმაგებული ფორმით იქნება გამოყენებული. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ მაქსიმალური ჯარიმა არის 75 000 ლარი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.