სემეკ-ი „თელმიკოს“, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების საკითხზე იმსჯელებს
სემეკ-ი „თელმიკოს“, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების საკითხზე იმსჯელებს

სემეკ-ი საჯარო სხდომაზე სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) დაჯარიმების, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სს „თელასისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების შესახებ იმსჯელებს.

როგორც სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სემეკ-ში აბონენტების მიერ ათეულობით საჩივარია შესული. მისივე თქმით, აბონენტები აცხადებენ მათ ივლისის თვეში უსაფუძვლოდ მაღალი გადასახადი მიუვიდათ.

სემეკი-ს თავმჯდომარის თქმით, კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

„არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა საჩივრით, რაც გულისხმობს მათი მხრიდან დაყენებულ სამართლებრივ პრეტენზიას, რომ ელექტრომიმწოდებელი კომპანიის მიერ უსაფუძვლოდ მაღალი თანხები იქნა გამოწერილი გადასახადის სახით. შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც „თელმიკოსთან“ მიმართებაში, ასევე „თელასის“ ნაწილში, ვინაიდან რეფორმის შედეგად, პირველი ივლისიდან ელექრომიმწოდებელი გახდა „თელმიკო“ და მანამდე აწვდიდა „თელასი“.

დაჯარიმების საფუძველი ნამდვილად არსებობს. კომისია დღეს ერთადერთი, რაზეც იმსჯელებს, იქნება ჯარიმის მოცულობა, თუ რა თანხით დაჯარიმდებიან ეს კომპანიები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს, კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა.