სემეკ-მა "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" 5-წლიანი გეგმა შეათანხმა
სემეკ-მა "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" 5-წლიანი გეგმა შეათანხმა

ენერგეტიკის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი წესი აამოქმედა.

რეგულაცია ითვალისწინებს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ განვითარების 5-წლიანი გეგმების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

თელასის ინფორმაციით, 8 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სემეკ-მა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 5-წლიანი განვითარების გეგმები შეათანხმა.

“მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდისა და მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2018-2022 წლებში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ გამანაწილებელი ქსელების განვითარების კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ. პროექტები მოიცავს ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველსაყოფად ახალი ქსელების მშენებლობას და ა.შ. სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2018-2022 წლებში სს „თელასი“ უზრუნველყოფს ორი 35კვ ძაბვის ქვესადგურ „თეცის“ მშენებლობას. პროექტის განხორციელება თბილისში უზრუნველყოფს 40 000 მდე აბონენტის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობას”, – ნათქვანია სემეკ-ის განცხადებაში.

ამასთანავე, გეგმის მიხედვით, მოხდება ორჯაჭვიანი საკაბელო ხაზის მშენებლობა „ორთაჭალის“ ქვესადგურიდან „თეცის“ ახალ ქვესადგურამდე.

თბილისში მარჯვენა სანაპიროზე ქვესადგურ „სანაპიროს“ რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნება ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრეები.

“ელექტროენერგიის საიმედოობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2018-2022 წლებში სხვა პროექტებთან ერთად  რუსთავის ელექტროენერგიის სარეზერვო კვების წყაროს მშენებლობას განახორციელებს. ამასთანავე, მოხდება ქვესადგურების – ბათუმი 1, ბათუმი 5, ქობულეთი, ივერია, ჭიათურა-საჩხერისა და სხვა მნიშვნელოვანი ქვესადგურების რეაბილიტაცია. ბათუმში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, აშენდება ახალი 35 კვ ძაბვის ქვესადგური და საკაბელო ხაზები. 5-წლიანი განვითარების გეგმების შესაბამისად, სს „თელასის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების საორიენტაციო ღირებულება 85 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტების საორიენტაციო ღირებულება – 343 მლნ 500 ათას ლარს”, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.