სემეკ-მა თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
სემეკ-მა თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა.

სემეკ-ის ინფორმაციით, დავით ნარმანია აღნიშნულ თანამდებობას სამი წლის ვადით დაიკავებს.

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი ხმით იქნა არჩეული.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნესრისკების მართვისა და ბიზნესგარემოს რეგულირების მიმართულებით.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო თბილისის მერი, 2012-2014 წლებში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.