სემ ვორბარტონი - საქართველოს იტალიასთან თამაშის და „ექვს ერზე“ დაწინაურების შანსი უნდა მიეცეს [ვიდეო]
სემ ვორბარტონი - საქართველოს იტალიასთან თამაშის და „ექვს ერზე“ დაწინაურების შანსი უნდა მიეცეს [ვიდეო]

„ექვსი ერის“ პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც უელსმა ირლანდია ანგარიშით 21:16  დაამარცხა, „ბი-ბი-სის“ (BBC) ეთერში უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ ვორბარტონმა ტურნირის პრობლემებზე ისაუბრა. მან აქცენტი იტალიის მორაგბეთა ნაკრების 28 მატჩიან წაგების სერიაზე და საქართველოზე გააკეთა და განაცხადა, რომ მეორე რანგის ტურნირის („რაგბი ევროპის ჩემპიონატის“) გამარჯვებულს კონტინენტის საუკეთესო ტურნირზე მოხვედრის შანსი უნდა ჰქონდეს.

„აუცილებელია ცვლილება და ამას მხოლოდ ერთი მატჩიდან (იტალია 10:50 საფრანგეთი) გამომდინარე არ ვამბობ. უკვე არაერთი წელია იტალია „ექვსი ერის“ სხვა მონაწილეებს კონკურენციას ვერ უწევს. ვფიქრობ, რომ ტურნირზე უნდა იყოს დაქვეითება/დაწინაურების სისტემა. შარშან საქართველომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ მოიგო და არ შეიძლება მათ კვლავ შუშის კედელი დავახვედროთ. როგორ გავიგებთ, რამდენად ვითარდება რაგბი ევროპაში, თუკი მათ შანსს არ მივცემთ? თუ იტალია ბოლო ადგილზე გავიდა, საქართველომ კი მეორე რანგის ტურნირი მოიგო, ვფიქრობ, რომ „ბორჯღალოსნები“ იტალიაში უნდა ჩავიდნენ, რათა „ექვსი ერის“ მოქმედ მონაწილეს საშინაო უპრატესობა და ტურნირზე ადგილის შენარჩუნების უკეთესი შანსი ჰქონდეს და ღირსეული ერთმანეთში გაარკვიონ. მგონია, რომ ეს მატჩი ყველას დააინტერესებს და ტელევიზორშიც ბევრი ადამიანი ნახავს, მათ შორის მეც ვიქნები ერთ-ერთი მაყურებელი. იტალიის ნაკრებს დღესდღეობით არ ჰყავს საკმარისი მაღალი კლასის მოთამაშე, რომ ამ დონეზე მოასპარეზე გუნდებს კონკურენცია გაუწიოს,“ – განაცხადა ვორბარტონმა.

უნდა ითქვას, რომ „ექვსი ერის“ ფორმატის ცვლილებას და დაქვეითება/დაწინაურების სისტემის შემოღებას ევროპაში უკვე ბევრი მომხრე ჰყავს და მედიაც ხშირად წერს იმაზე, რომ ტურნირის განვითარებისთვის ეს აუცილებელია, მაგრამ თავად ორგანიზატორები ცვლილებებს ჯერჯერობით გამორიცხავენ.