„სელტას“ ყოფილი ლიდერი „ლოკომოტივის“ მოგებაზე - ისინი ნამდვილი გმირები არიან
„სელტას“ ყოფილი ლიდერი „ლოკომოტივის“ მოგებაზე - ისინი ნამდვილი გმირები არიან

რუსეთის ნაკრებისა და ესპანური „სელტას“ ყოფილი ლიდერი ალექსანდრ მოსტოვოი ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას გამოეხმაურა და არ დამალა, რომ მომხდარით გაოგნებულია.

„გაოგნებული ვარ. არ შემიძლია დავიჯერო, რომ ასეთი რამ მოხდა. გუნდი მრავალი წლის შემდეგ ევროსარბიელზე პირველად გამოვიდა, ბოლო დროს თითქმის 60 მილიონი დაიხარჯა – და ამ დროს წაგება თბილისის „ლოკომოტივთან“… არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ითამაშა, ეს შედეგი ნამდვილი შოკია”- ამბობს ალექსანდრ მოსტოვოი.

ვეტერანმა ფეხბურთელმა თბილისურ კლუბზეც ილაპარაკა:

„ბევრმა, მგონი, არ იცის, რომ ასეთი გუნდი არსებობს. ყველამ იცის, რომ იქ თბილისის „დინამოა“. ახლა შედეგს რომ გაიგებენ, იფიქრებენ, რომ მოსკოველებმა თბილისის „დინამოსთან“ წააგეს. მსურს ვნახო „ლოკომოტივის“ სტატისტიკა, მაინტერესებს, იქ საერთოდ ვის უთამაშია. ეს მათთვის ნამდვილი სასწაულია, ისინი გმირები არიან. „დინამო“ კი აღმაშფოთებელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგაზე თბილისში „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ესპანურ „გრანადას“ შეხვდება.