სებასტიან მოლინეუსი - საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში
სებასტიან მოლინეუსი - საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში

საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, საწარმოთა კვლევა მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელიც აფასებს ქვეყნის კერძო სექტორის სიჯანსაღეს და ფაქტობრივად, ერთ-ერთია იმ რამდენიმე კვლევას შორის, რომელიც გლობალურია თავისი დაფარვით.

„ჩემთვის მეტად სასიამოვნოა საუბარი საწარმოთა წლევანდელ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ. მსოფლიო მასშტაბით საწარმოთა კვლევის ჯგუფი გაესაუბრა დაახლოებით 164 000 წამყვან მეწარმესა და კომპანიის გენერალურ დირექტორს 144 ქვეყანაში. საქართველოში გამოიკითხა 581 საწარმოს გენერალური დირექტორი და მეწარმე 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში. კვლევის შედეგები ძალიან საინტერესოა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეწარმეები, ფირმების დირექტორები, აქ, საქართველოში გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ რეგულირების ტვირთის გამო საგადასახადო განაკვეთებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებართვების აღება გაცილებით სწრაფად ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებით და ზოგადად, ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგზე.

„საქართველოში ფირმების მხოლოდ 1.3 პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქრთამის მოთხოვნას. ეს ძალიან კარგი მონაცემია, თუ შევადარებთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 10-პროცენტიან საშუალო მაჩვენებელს, ასევე, გლობალურად, მსგავსი, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემებს, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12 პროცენტია. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საწარმოთა წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2008 წელს ჩატარდა და ის მართლაც განაპირობებს საქართველოს მოხვედრას 10 წამყვან ქვეყნას შორის ქრთამის შემთხვევების უდაბლესი მაჩვენებლის მიხედვით“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, ქვეყანაში თვალსაჩინოა ხელსაყრელი ბიზნესგარემოს არსებობა და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ამავე დროს, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რჩება გამოწვევები, რომლებიც, ძირითადად, დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, სამშენებლო ნებართვების აღებასთან (სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით), დაფინანსების ხელმისაწვდომობასთან, ადეკვატური განათლების მქონე შრომით რესურსებთან დაკავშირებით, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.