სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო, ევროპა და ცენტრალური აზიის რეგიონი ეკონომიკური ვარდნისთვის ემზადებიან
სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო, ევროპა და ცენტრალური აზიის რეგიონი ეკონომიკური ვარდნისთვის ემზადებიან

მსოფლიო, ევროპა და ცენტრალური აზიის რეგიონი ეკონომიკური ვარდნისთვის ემზადებიან, რეცესიის სავარაუდო პერიოდი და სიმწვავე პანდემიის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა განიხილეს, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ეკონომიკაზე.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში წარმოდგენილი რამდენიმე საპროგნოზო სცენარის მიხედვით, წელს რეგიონსა და მათ შორის საქართველოშიც მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნაა (მშპ) მოსალოდნელი.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოსაზრებით, რეცესია ფაქტობრივად გარდაუვალია.

„მსოფლიო და ევროპა, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონი ეკონომიკური ვარდნისთვის ემზადებიან. „კოვიდ-19“-ის პანდემიას ადგილი აქვს რეგიონისთვის ისედაც რთულ პერიოდში. ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალური აზიის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში 2019 წელს 2.2 პროცენტამდე შენელდა. 2020 წლის თებერვლიდან კი რეგიონი პანდემიასთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, რომელმაც ადამიანებს შეაწყვეტინა ყოველდღიური საქმიანობა, ზეწოლა მოახდინა სასაქონლო ფასებზე, გაწყვიტა მჭიდროდ დაკავშირებული გლობალური და რეგიონული მიწოდების ჯაჭვები, შეამცირა მოგზაურობა და ტურისტთა ნაკადი და შეასუსტა მოთხოვნა რეგიონის ქვეყნებიდან ექსპორტზე. შედეგად, პროგნოზების უმეტესობა ეკონომიკური ბიულეტენის ჩათვლით, 2020 წელს გლობალური და რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნას ვარაუდობს. თუ რამდენ ხანს გასტანს რეცესია და როგორი იქნება მისი სიმწვავე პანდემიის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მოლინეუსმა.

მისი განმარტებით, ეკონომიკის ვარდნა სავარაუდოდ 2.8 და 4.4 პროცენტს შორის დაფიქსირდება. თუმცა არის ვარაუდიც, რომ 2021 წლიდან ეკონომიკა ისევ აღმავლობის გზას დაადგება.

„სხვადასხვა სცენარები არსებობს. ანგარიშში წარმოდგენილი სცენარები მიუთითებს, რომ რეგიონის მშპ შესაძლოა 2.8 პროცენტით შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემია საგრძნობლად შეჩერდება წლის მეორე ნახევარში და ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები მოიხსნება. თუმცა ეკონომიკა შესაძლოა 4.4. პროცენტით შემცირდეს, თუ ეპიდემიის შემაკავებელი ზომები 2020 წლის მესამე კვარტალშიც იქნება საჭირო. ერთი სიტყვით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. შევაჯამოთ ის სავარაუდო სცენარები, რომელიც ჩვენს ანგარიშშია წარმოდგენილი. პირველის მიხედვით, 2020 წელს რეგიონში ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას. მეორე – ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და 2.8-4.4 პროცენტის შუალედში დაფიქსირდება. შედარებით პოზიტიური ნოტით დავასრულებ და გეტყვით ანგარიშში წარმოდგენილი იმ შედარებით დამაიმედებელი პროგნოზის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება“, – განუცხადა სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.