საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის ჯგუფის ღია წერილი პარლამენტის წევრის, ლერი ხაბელოვის განცხადებასთან დაკავშირებით
საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის ჯგუფის ღია წერილი პარლამენტის წევრის, ლერი ხაბელოვის განცხადებასთან დაკავშირებით

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა ორი სატელევიზიო არხის საშუალებით სრულად გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მას ეთერში 217 საათი და 50 წუთი დაუთმო, ხოლო ოლიმპიადისთვის შექმნილ გადაცემებს –  13 საათი და 25 წუთი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ქართული მედია, რომელმაც ჯგუფი მიავლინა ოლიმპიადაზე, ამ მნიშვნელოვანი სპორტული ასპარეზობის სიღრმისეულად გასაშუქებლად.

გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატ ლერი ხაბელოვის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სპორტული ღონისძიებების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, დეპუტატ ლერი ხაბელოვის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი „სათანადოდ არ აშუქებს სპორტს, რის გამოც უკმაყოფილებას და წუხილს გამოთქვამენ სპორტული ფედერაციები“.  მისი თქმით, არ  გაშუქდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და ჭადრაკი (სავარაუდოდ, დეპუტატმა  საჭადრაკო ოლიმპიადა იგულისხმა) და მაუწყებლის მიერ სპორტის გაშუქების კუთხით, ზოგადი უკმაყოფილება გამოთქვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის ჯგუფს მიგვაჩნია, რომ ბატონი ხაბელოვის ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და არ შეესაბამება სიმართლეს.

დეპუტატის მიერ მოყვანილი ორი სახეობის გაშუქების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მოგახსნებეთ, რომ საჭადრაკო ოლიმპიადისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი სამივე პლატფორმა (ტელევიზია, ვებ-გვერდი, რადიო) ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დატვირთა და ორი თვის განმავლობაში სრულად აშუქებდა ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რაც გულისხმობს შემეცნებით ვიდეორგოლებს, 10 ქართველ მოჭადრაკეზე შექმნილ მიკროფილმებს, საჭადრაკო დღიურს, საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პირდაპირ ეთერში გადაცემას, ყოველდღიურ პირდაპირ ჩართვებს ბათუმიდან, სიუჟეტებს, სხვადასხვა გადაცემებში ამ სფეროს წარმომადგენლების სტუმრობებს და ა.შ.). 43-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გაშუქებაში შეტანილი წვლილისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მადლობის სიგელი დაიმსახურა, ხოლო ჭადრაკის ეროვნული ფედერაციისგან არაერთი მადლობა.

რაც შეეხება ძალოსნობას, ჩვენთვის გაურკვეველია, ევროპის რომელი ჩემპიონატის გაუშუქებლობაზე საუბრობს დეპუტატი. 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ბათუმში იმართება, გაზაფხულზეა და ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით თითქმის ერთი წელია, დაწყებული გვაქვს სამზადისი. ბ-ნი ხაბელოვი აშხაბადში ერთი თვის წინ ჩატარებულ მსოფლიო  ჩემპიონატს თუ გულისხმობდა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომ აშხაბადში გამართულ ჩემპიონატზე იმყოფებოდა მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, რომელიც სამივე პლატფორმის საშუალებით უახლეს ინფორმაციას და ექსკლუზიურ მასალას აწვდიდა ქართველ გულშემატკივარს. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ძალოსნობის ფედერაციასთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბატონმა ხაბელოვმა, როგორც დეპუტატმა, როდესაც მას Eurosport-ის მაგალითი მოჰყავს, უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი არ არის სპორტული არხი და სპორტის გარდა მას არაერთი ვალდებულება და ბორდის მიერ განსაზღვრული საპროგრამო პრიორიტეტები გააჩნია.

ასევე, გამოვეხმაურებით ოლიმპიური ფორუმის გაშუქების თემასაც. ფორუმი საქართველოში 23 ივნისს ჩატარდა, ამ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერი სრულად ეთმობოდა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში. იმ დღეს პირველ არხზე სამი თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა (ბელგია-ტუნისი, სამხრეთ კორეა-მექსიკა, გერმანია-შვედეთი),  რომლის ნაცვლად ეთერში ოლიმპიადის ფორუმის გადაცემა დაარღვევდა ჩვენს ვალდებულებებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან, აღარაფერს ვამბობთ მაყურებლის ინტერესებზე.

ბატონ ხაბელოვს, როგორც  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ალბათ დააინტერესებს,  რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაორი სატელევიზიო არხის საშუალებით სრულად გავაშუქეთ და მაუწყებელმა მას ეთერში 217 საათი და 50 წუთი დაუთმო, ხოლო ოლიმპიადისთვის შექმნილ გადაცემებს –  13 საათი და 25 წუთი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთადერთი ქართული მედია, რომელმაც ამ მნიშვნელოვანი სპორტული ასპარეზობის სიღრმისეულად გასაშუქებლადჯგუფი მიავლინა ოლიმპიადაზე.

რაც შეეხება ფედერაციების „გულისწყრომას“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რომელთა „წუხილიც“ გუშინ დეპუტატმა გადმოგვცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 82 აღიარებული ფედერაციაა, რომელთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, არათუ ერთი, არამედ რამდენიმე სატელევიზიო არხიც კი ვერ შეძლებს. ამასთანავე, სპორტის გაშუქებისას უპირველესად ვხელმძღვანელობთ ჩვენი საზოგადოების  და ქართული სპორტის ინტერესებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარში დავუდგეთ ქართული სპორტს, რისთვისაც ფედერაციებისგან „გულისწყრომის“ ნაცვლად, არაერთი მადლობა მიგვიღია.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატებს, წლების განმავლობაში საეთერო ბადეში მათ თავისი ადგილი უკავიათ, მაყურებელი თვალყურს ადევნებს კალათბურთის, ფეხბურთის, მომავალი წლიდან უკვე წყალბურთის შიდა ჩემპიონატებს. რაც შეეხება ბატონ ხაბელოვს, გუშინ პარლამენტში გამოსვლისას თვალი რომ ედევნებინა პირველი არხისთვის, ეცოდინებოდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რაგბის კავშირს შორის ხუთწლიანი მემორანდუმი გაფორმდა, რაც როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო გუნდების თამაშების სრულ გაშუქებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ 2019 წელი ჩვენი მაუწყებლისთვის დატვირთული იქნება სპორტული მოვლენებით: ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის ოლიმპიური თამაშები მინსკში, მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში და  მრავალი სხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის ჯგუფის სახელით  გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ქართული სპორტის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერ მედიად. გარკვეული რომ იყოთ, როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართულ და მსოფლიო სპორტს, ამისთვის საჭიროა პირველ არხზე გადმორთვა, საქართველოს რადიოს სპორტული გადაცემების მოსმენა და ვებ-გვერდზე 1TV.GE ხშირი სტუმრობა.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული და სამართლიანი შენიშვნებისთვის, თუმცა ამასთანავე, ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებს.

ჩვენ კვლავ არ დავიშურებთ ენერგიას, მონდომებას, რომ პროფესიონალურად ვემსახუროთ  ქართულ სპორტს, ქართველ სპორტსმენებს და ჩვენს მაყურებელს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ჯგუფის სახელით ქართული სპორტის წარმომადგენლებს ვულოცავთ შობა-ახალ წელს! ვუსურვებთ, ახალი 2019 წელი ყოფილიყოს გამარჯვებების წელი!