საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდება
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყრუთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჟესტური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობით უერთდება. მთელი დღის განმავლობაში პირველი არხის სამივე პლატფორმაზე (ტელევიზია, რადიო, ონლაინ) გაშუქდება ამ დღის შესახებ აქტუალური ინფორმაცია.

ჟესტური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის და კომპანია „ვინდფორსის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ ჟესტურ ენასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტი განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში. ამის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მაყურებელი პირველი არხის ეთერიდან მიიღებს.

„შშმ პირების საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ყველა პლატფორმა ასახავს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და მუშაობს საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის, შშმ პირების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ ორგანიზაციასთან და ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, ვცდილობთ, ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და სასარგებლო იყოს, მიუხედავად თითოეულის უნარისა და შესაძლებლობისა, რადგან პირველი არხი ყველასთვის არის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

წელს პირველად საქართველოში, პირველი არხის ეთერში მაყურებელს საშუალება ჰქონდა, თვალი ედევნებინა პარალიმპიადისთვის, რომელშიც ქართველი პარასპორტსმენები ასპარეზობდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი პარასპორტის განვითარების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი არხი საინფორმაციო გადაცემებს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საეთერო სეზონის განმავლობაში ურთავს სურდოთარგმანს, ასევე ჟესტურ ენაზე ითარგმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამედიცინო გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

პირველი არხი-ტელესკოლის ეთერში ქართული ჟესტური ენის სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო კურსია ხელმისაწვდომი.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მიმდინარეობს მედიაგზამკვლევზე. დოკუმენტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის გაიდლაინს. სახელმძღვანელო დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე. გზამკვლევის პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ითვლის სხვადასხვა თემის გაშუქების სიხშირეს, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებელი სხვადასხვა პლატფორმაზე, მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.