საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მომავალზე საჯარო საუბრებს იწყებენ
საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მომავალზე საჯარო საუბრებს იწყებენ

საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მომავალზე საჯარო საუბრების ინიციატივით გამოვიდნენ. პირველი შეხვედრა ხვალ, ბიზნესცენტრ „მეფე დავითის“ კომპლექსში გაიმართება.

ორგანიზატორებმა დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ ხვალინდელ შეკრებაზე საზოგადოებას გააცნობენ კონკრეტულ გეგმებს, თუ როგორ ხედავენ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს. მათი განცხადებით, შეკრებაზე სხვადასხვა დარგებთან დაკავშირებულ ხედვებს გააჟღერებენ.

საზოგადოების წარმომადგენლებმა საკუთარი გეგმების შესახებ ღია მიმართვა გაავრცელეს და წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

მათ შეკრებაზე ოპოზიციური პარტიების წევრებიც მიიწვიეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ინტელიგენციამ ხმა აიმაღლოს. ჩვენ ვხედავთ, რა სირთულის წინაშე დგას ქვეყანა. პოლიტიკოსებმა თავს მოგვახვიეს ქუჩის პოლიტიკა. იგნორირებულია ინტელიგენცია და მათი აზრი“, – აცხადებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე.

„27 ნოემბრის შეხვედრაზე განსახილველად წარმოვადგენთ ამ პროცესის განვითარების ჩვენეულ ხედვას. ამავე დროს, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ათამდე სამომავლო პროექტი. დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებს ამ პროცესის სრულყოფისა და მომდევნო შეხვედრებზე განსახილველი საკითხების თაობაზე“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: რომან რურუა, ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი,რეზო ბალანჩივაძე, ჯუმბერ კოპალიანი, იზა ვეფხვაძე, ვახში ჟვანია, დავით შემოქმედელი, კობა კობალაძე.

შეხვედრის საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს პირველ არხს მათი ხვალინდელი შეხვედრის პირდაპირ ტრანსლირებას სთხოვენ.