„საზოგადოება და ბანკები“ – რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი 72 745 მომხმარებელს შეუმცირდება

17:19, 30.01.2019

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი 72 745 მომხმარებელს შეუმცირდება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციამ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 72 745 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით – 6.75 პროცენტამდე შეუმცირდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3 მილიარდ 504 მილიონზე მეტი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის პირველი  დეკემბრიდან მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა  2 762-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანი პორტფელი – 3 მილიარდ 415.1 მილიონიდან, 3 მილიარდ 504.3 მილიონ ლარამდე. 72 745 ხელშეკრულებიდან 20 319 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 372.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, პირველი იანვრის მდგომარეობით, 16.5 პროცენტი შეადგინა.

რაოდენობრივად, პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე, პირველ იანვრის მონაცემებით, 26 177 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.14 პროცენტში, მთლიანი პორტფელი კი, 1037 მილიონი ლარია. ასევე, 22 564 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი მილიარდ 870.40 მილიონი ლარია. აქედან, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბანკებმა 657.8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.7 პროცენტში. მსხვილი ბიზნესი კი, პირველი იანვრის მონაცემებით, მილიარდ 212.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.2 პროცენტში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, პირველი იანვრის მონაცემებით, 894 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15 მილიონ 195 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.5 პროცენტში გაასესხეს.

ასევე გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2 605 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 54 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, პირველი იანვრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30.68 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია მილიარდ 561.5 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.9 პროცენტიდან 12.2 პროცენტამდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ ინფლაციის დაბალი დონის, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტული სალდოსა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო. დეკემბერში  წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს 3 პროცენტით ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პროფიციტული გახდა და 30.1 მლნ ლარი შეადგინა. 18 პროცენტითაა გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო 9.1 პროცენტით – ფულადი გზავნილები.

„იანვარში სტაბილურობით ხასიათდება გაცვლითი კურსიც (1 აშშ დოლარის ღირებულება 2.65 ლარის ნიშნულზეა). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, რამაც მოსახლეობას საგრძნობლად გაურთულა სესხებზე ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც გაზრდის წვდომას ფინანსებზე, შეარბილებს რეგულაციის მოქმედების უარყოფით ეფექტს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი