„საზოგადოება და ბანკები“ - 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
„საზოგადოება და ბანკები“ - 120 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 120 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, რვაპროცენტიან დონეზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6058.88 მილიონიდან 6466.80 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

120 300 ხელშეკრულებიდან 34400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 865.9 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი აგვისტოს მდგომარეობით 13.24 პროცენტი შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი აგვისტოს მონაცემებით, 46600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.35 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი 2060.9 მილიონი ლარია.

35 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად, რაც წინა პერიოდთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3302.1 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1129.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.61 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი აგვისტოს მონაცემებით, 2172.4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.96 პროცენტში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. პირველი აგვისტოს მონაცემებით სულ 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.18 პროცენტში გაასესხეს.

ასევე, გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 87.15 მილიონი ლარია.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.89 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა.

პირველი აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.23 პროცენტიდან 14.12 პროცენტამდე“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ზედმეტად ფრთხილი მიდგომის გამოვლინებაა, რომელიც, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო ეკონომიკური სტაბილურობის პერიოდში.

„მაგრამ, მაშინ, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და სწრაფი გაჯანსაღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი უფრო მკვეთრ ნაბიჯებს უნდა დგამდეს. იმ პირობებში, როდესაც, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო პერიოდში შეუქცევადად მცირდება და შესაძლოა, მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს კიდეც, წარმოიქმნება სივრცე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარებისათვის. ბოლო დღეებში, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მზარდ მაჩვენებელს და ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას შეიძლება, მივაწეროთ, რადგან სხვა ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს საზოგადოებასთან და ეკონომიკურ სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაციის მეთოდს და გაანეიტრალოს ნეგატიური მოლოდინები გაცვლით კურსთან და მოსალოდნელ ინფლაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და თითქმის ოთხი მილიარდი დოლარია, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად, მნიშვნელოვანი ბერკეტია კურსის ზედმეტად გაუფასურების ეფექტისა და შემდგომში ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“.

დატოვე კომენტარი