„საზოგადოება და ბანკები“ - 119 700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება
„საზოგადოება და ბანკები“ - 119 700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.5 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, 119 700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6254.81 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

პირველი მარტიდან პირველ  აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6229.52 მილიონიდან 6254.81 მილიონ ლარამდე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ამასთან, 119 700 ხელშეკრულებიდან 34 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი, 835.31 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი აპრილის მდგომარეობით 12.88 პროცენტი შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი  აპრილის მონაცემებით, 44 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.12 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი, 1931.52 მილიონი ლარია.

ასევე 37 000 ხელშეკრულება არის გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3237.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1106.77 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.93 პროცენტში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი, პირველი აპრილის მონაცემებით 2130.282 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.26 პროცენტში.

მიმოხილვის თანახმად, ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი აპრილის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.066 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.32 პროცენტში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 88.39 მილიონი ლარია.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები პირველი აპრილის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.36 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა.

„იმ მდგომარეობაში, როდესაც შიდა მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული, რაც ინფლაციაზე აღმავალ ზეწოლას მომავალ პერიოდში შეარბილებს (შიდა მოთხოვნის შემცირების გავლენას ინფლაციის ტემპზე დროითი დაყოვნება (lag) ახასიათებს), ხოლო გაცვლითი კურსი მოკლევადიან წონასწორობაში იმყოფება, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის აუცილებელია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება. შიდა მოთხოვნის შემცირებაზე იმპორტის 13 პროცენტიანი კლება მიუთითებს, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 22 პროცენტიანი შემცირება საგარეო მოთხოვნის შემცირებას ასახავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2020-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდა -4 პროცენტი იქნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებით არის გამოწვეული, შესაბამისად, ამ ფონზე ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად მცირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გამართლებული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი იქნება სწორად განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც ინფლაციაზე აღმავალ-დაღმავალ ზეწოლას ქმნიან და რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა ამის მიხედვით მიიღოს.

დატოვე კომენტარი