საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინსულტის შემდგომ მკურნალობაში ჩართვის ფარგლებში, ბათუმში პაციენტებს უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინსულტის შემდგომ მკურნალობაში ჩართვის ფარგლებში, ბათუმში პაციენტებს უფასო კონსულტაცია ჩაუტარდებათ

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინსულტის შემდგომი, მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მკურნალობის ჩართვასთან დაკავშირებით, ბათუმში უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ პაციენტებს, ვისაც ამ ტიპის მკურნალობა ესაჭიროება.

„სამშაბათს, დღის განმავლობაში პაციენტებს უფასო მომსახურებას გაუწევს კენ ვოლკერის კლინიკის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ამასთან, შესაძლებელი იქნება, მსურველებმა კლინიკაში უფასოდ ისარგებლონ პედიატრიული სავარძლებისა და ადაპტაციური საშუალებების მორგების სერვისით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად 6 000-მდე პაციენტი შეძლებს ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო კომპლექსური მკურნალობის ჩატარებას.

სახელმწიფოს მიერ ინსულტის, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების შედეგად, პროგრამა ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია და მათ შესაძლებლობა აქვთ, დროულად ჩაიტარონ სარეაბილიტაციო მკურნალობა, დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.

რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი კენ ვოლკერის კლინიკა უფასო კონსულტაციებს უწევს ყველა პაციენტს, ვინც რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს“, – ნათქვამია კენ ვოლკერის კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.