სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გახსნა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გახსნა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, ბინაში აღმოჩენილია კიდევ ერთი პირის ცხედარი.
პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ არის მტკიცებულებები, რომ თავდასხმაში კიდევ ვინმე მონაწილეობდა. გამოძიება გრძელდება.
გერმანიის ჰესენის მიწაზე, ფრანკფურტთან მდებარე ქალაქ ჰანაუში სროლას რვა ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ცნობით, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი ჯერ ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ჩილიმბარში გახსნეს და სამი ადამიანი მოკლეს. მოგვიანებით კი თავდასხმა განხორციელდა სხვა რაიონში მდებარე ჩილიმბარში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.