სავალუტო ფონდის ახალი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახლანდელ დონეს დაახლოებით 15 წელში მიაღწევს
სავალუტო ფონდის ახალი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახლანდელ დონეს დაახლოებით 15 წელში მიაღწევს

ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშშია ნათქვამი.

რეგიონული მიმოხილვის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია. თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს 15 წელი აშორებს, სომხეთს – 20 წელი, აზერბაიჯანს კი, თითქმის 50.

ყველაზე ახლოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყაზახეთი და თურქმენეთი არიან, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 10 წლამდე პერიოდში შეუძლიათ.

მსგავსი შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წლის ნოემბრის ანგარიშშიც გააკეთა. მაშინ ითქვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევდა, სომხეთი 23-ში, აზერბაიჯანი კი, 45-ში.

საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთ სულ მოსახლეზე) საშუალო მაჩვენებელზე შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, კოსოვო, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი, ხორვატია და მონტენეგრო.