სავალუტო ფონდი - სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
სავალუტო ფონდი - სავაჭრო ომი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

გლობალურ ეკონომიკას სამი მთავარი გამოწვევა აქვს და აქედან ერთ-ერთია დაძაბულობა ვაჭრობის სექტორში. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო იანგმა ამერიკულ მაუწყებელ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუ სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მისცა.

როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა ბოლო დროს ძალიან დაიძაბა, რაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა სავაჭრო ომში გადაიზარდოს. შესაბამისად, ექსპერტები მოსალოდნელი სავაჭრო ომის შედეგების და მათი შემარბილებელი ზომების ჰიპოთეტურ მოდელებს განიხილავენ.

თუმცა სავალუტო ფონდის მეორე პირი თვლის, რომ რეალობა სავაჭრო ომის შემთხვევაში შესაძლოა, ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე მოდელებშია წარმოდგენილი. ამიტომ, უმჯობესია სავაჭრო უთანხმოებანი თანამშრომლობის გზით გადაიჭრას. სხვა შემთხვევაში, სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია გლობალურ ეკონომიკას აუცილებლად მოუტანს დანაკარგებს .

სავალუტო ფონდის აზრით, გლობალურ ეკონომიკას სავაჭრო დაძაბულობის გარდა, ორი მთავრი გამოწვევა აქვს, ფისკალური და ფინანსური რისკები, რაც ძირითადად ვალის მოცულობის ზრდას უკავშირდება, ასევე ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

ინკლუზიურია ზრდა, როდესაც ეკონომიკიური მდგომარეობის გაუმჯობესება საზოგადოების ყველა ფენას ეხება.