სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აცხადებს, რომ ინტერვენციების გამოყენება მხოლოდ გადაჭარბებული ვოლატილობის შემთხვევაში ან რეზერვების შესავსებად უნდა მოხდეს.
„სავალუტო კურსის მოქნილობა რჩება საქართველოს ეკონომიკაში რისკების შთანმთქმელად, სავალუტო ინტერვენციები კი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ გადაჭარბებული ვოლატილობის შემთხვევაში ან რეზერვების გაზრდისთვის“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.
პრესრელიზში შეფასებულია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები.
„ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი უკავშირება როგორც ერთჯერად ფაქტორებს, ისე ლარის გაუფასურების გავლენას. ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ მოახდინა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების საპასუხოდ“, – აღნიშნავს ტაო ჟანგი.
სავალუტო ფონდში მიუთითებენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და დოკუმენტში განათლებისა და სოციალური ხარჯების გაზრდაც არის გათვალისწინებული.
ამასთან, პრესრელიზში საუბარია საპენსიო ინდექსირების სქემაზეც, რომლის მიღებას საქართველოს მთავრობა გეგმავს.
„ახალმა წესმა უნდა დაიცვას პენსიონერთა შემოსავლები ინფლაციისგან და შეინარჩუნოს ბიუჯეტის მოქნილობა უფრო წერტილოვანი სოციალური ხარჯებისთვის მომავალში“, – აცხადებს ტაო ჟანგი.
სავალუტო ფონდის წარმომადგენელი დაგროვებით საპენსიო სისტემასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ის დაეხმარება ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში.