სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ „მშვიდობისა და განვითარების ფონდის“ დაფუძნებას მხარი დაუჭირა
სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ „მშვიდობისა და განვითარების ფონდის“ დაფუძნებას მხარი დაუჭირა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მიმდინარე წლის პირველი სხდომა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ასევე სხდომაზე საბჭომ „მშვიდობისა და განვითარების ფონდის“ დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ფონდი, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში იქმნება და მან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაძლიერებას, მათ ჰუმანიტარულ დახმარებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. ფონდი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით იმუშავებს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იქნება.

პალატის საბჭოს წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, საბჭოში ორი ახალი წევრის – „საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ მიღების შესახებ.

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სტრატეგიაზე.