სავაჭრო მოლებში მოქალაქეთა ტემპერატურის კონტროლი ვიდეოსკრინინგის სისტემით მოხდება
სავაჭრო მოლებში მოქალაქეთა ტემპერატურის კონტროლი ვიდეოსკრინინგის სისტემით მოხდება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ უკვე შეჯერებულია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება სავაჭრო მოლებს მოუწევთ. მისივე თქმით, მოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია.

მოლებთან დაკავშირებით ალბათ ხვალ მივიღებთ დასკვნით დოკუმენტს. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა მოლების წარმომადგენლებთან და ფაქტობრივად შეიძლება, ითქვას, შეჯერებული ვართ ყველა იმ პუნქტზე, რომლის დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ. სოციალური თავშეყრა საკმაოდ მაღალია ასეთი ტიპის ობიექტებთან, ამიტომ განსაზღვრული არის ასევე კვადრატულობა, თუ რამდენი ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს მოლში“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, მოლებში საუბარია ვიდეოსკრინინგის გამოყენებაზე.

„იმისათვის, რომ ადამიანების ტემპერატურის კონტროლი მაქსიმალურად შევძლოთ, გამოიყენება ვიდეოსკრინინგი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მასობრივად ბევრი ადამიანის სკრინინგი მოხდეს. თუ ცხელება იქნება, ამ შემთხვევაში ვიდეოკამერა მოახდენს შესაბამისი ალარმის მეშვეობით რეაგირებას. გამწოვი ვენტილაცია არის მოთხოვნილი, სადაც გაზრდილი ოდენობით იქნება გარედან სუფთა ჰაერის კონცენტრაცია შემოტანილი. ასევე ლიფტების სახელურების, ესკალატორის სახელურების დეზინფექცია. ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა მოხდეს შესაბამისი წესით დასუფთავება. ზოგადად, ეს სადეზინფექციო კონტროლი არის გაძლიერებულად მოთხოვნილი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

„მოლოდინი გვაქვს, ხვალ დავამტკიცებთ დოკუმენტს და მალე მიიღებენ სამუშაოების განხორციელების უფლებას. ბუნებრივია, უფლება უნდა მიიღონ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. მათთან ერთად მოვახდინეთ ამ დოკუმენტის შემუშავება და წინსწრებით იციან, რა მოთხოვნები არის. სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ. რამდენიმე ტექნიკური დეტალი დარჩა, რომელიც დასაზუტებელია, დაზუსტდება და ხვალ დამტკიცდება“, – დასძინა ბექა ფერაძემ.