სავაჭრო ცენტრების, მოლების, ე.წ. რითეილ სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან
სავაჭრო ცენტრების, მოლების, ე.წ. რითეილ სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან

სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ე.წ. რითეილ სექტორის წარმომადგენლები, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანია ის, რომ მხარეები საბოლოოდ შეჯერდნენ, როგორ აღდგება ამ სექტორის მუშაობა პირველი თებერვლიდან.

ბიზნესს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომლებსაც დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და სამთავრობო გუნდს გააცნობენ. მაგალითად, კერძო სექტორი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, გადაადგილების შეზღუდვის ერთი საათით გადაწევასა და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს.

„ჩვენმა სექტორმა ანახა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით მართო პროცესები პანდემიის განმავლობაში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში, ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა, სიტუაცია არ დამძიმებულა, ანუ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ ყოველგვარი შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. საერთო პრობლემაა ასევე ყველასთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი ყოველდღიურად როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და წავიდეს სახლში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იქნა დამუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში და ასევე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა კომენდანტის საათის ერთი საათით მაინც გადაწევაზე. სავაჭრო ცენტრებმა და ზოგადად ბიზბესმა რომ იმუშაოს 20-დან 21 საათამდე ძალიან ცოტა დროს არის, რომ ელემენტარულად თანამშრომლები სახლში მივიდნენ“, – აღნიშნა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოლებმა და არასასურსათო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებმა დაამტკიცეს, რომ პანდემიის პირობებში შეუძლიათ, უსაფრთხოდ მოემსახურონ მომხმარებლებს.

„ჩვენ, რითეილებსაც და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებსაც კონკრეტული ხედვა გვაქვს, როგორ შეიძლება ეს პროცესი ვმართოთ. აქამდე რა რეგულაციებიც იყო, 100 პროცენტით წარმატებით ვმართეთ, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია და ვფიქრობთ, რომ არსებობს საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ბიზნესმა მეტი შვება იგრძნოს და პლიუს, ზიანი არ მივაყენოთ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. შაბათ-კვირის შეზღუდვა არის საინტერესო თემა ჩვენთვის, იმიტომ რომ 19:00 საათამდე ისედაც ვერ ვიმუშავებთ საათობრივი შეზღუდვის გამო. ამოცანა ხომ არ არის, რომ უბრალოდ გავხსნათ, ამოცანაა, რომ გავხსნათ იმისათვის, რომ ეკონომიკამ იმუშაოს და სარგებელი მიიღოს“, – აღნიშნა „რითეილ გრუპ ჯორჯის“ ხელმძღვანელმა.

ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რომელსაც სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორი დღევანდელ შეხვედრაზე დააყენებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა. როგორც ზურაბ შავლაყაძემ მედიასთან საუბარში გამაცხადა, ბიზნესს საკმაოდ ძვირი უჯდება საკუთარი თანამშრომლების ტრანსპორტირება.

„თუ იხსნება ბიზნესი, ამ ბიზნესისთვის მომგებიანი უნდა იყოს ის გახსნაც. შესაბამისად, არგუმენტები ის არის, რომ არა გახსნა გახსნისთვის, არამედ იმისთვის, რომ ბიზნესმა მიიღოს სარგებელი. ჩვენი ძირითადი თხოვნა, რაც იქნება მთავრობის მიმართ, ეს არის შაბათ-კვირას მუშაობის შესაძლებლობა. ვიძახით, რომ გადანაწილდება მომხმარებელი და არ იქნება კონცენტრაცია მხოლოდ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. გარდა ამისა, სასურველი იქნება თუ გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ერთი ჩვენი თხოვნა ასევე არის კომენდანტის საათის ერთი საათით გადაწევა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვფიქრობთ რომ სრულად უნდა აღდგეს. ეს მნიშვნელოვანია იგივე თანამშრომლებიც გადაადგილებისთვის, ვინაიდან კომპანიებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ თანამშრომლების გადაადგილების ხარჯები. დღეში 3000-დან 7000 ლარამდე აღწევს ტრანსპორტირების თანხა ბიზნესისთვის და ხომ წარმოგიდგენიათ თვის მასშტაბით რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ზურაბ შავლაყაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები, მოლები და არასასურსათო პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიები, გარკვეული რეგულაციების დაცვით, მუშაობას განაახლებენ.