საუტგეიტმა ბრიტანული პრესა გააკრიტიკა - შვეიცარიამ სამი დღე იცოდა, რა გაეკეთებინა ჩვენს წინააღმდეგ #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა ბრიტანული პრესა გააკრიტიკა ევრო 2024-ზე გუნდის ტაქტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
შვეიცარიასთან მეოთხედფინალური მატჩის წინ გაზეთებმა დაწერეს საუტგეიტის გეგმების შესახებ. კერძოდ, ეს გეგმა ითვალისწინებდა ტურნირზე პირველად სამი ცენტრალური მცველით თამაშს. ინგლისის ნაკრები მატჩზე ზუსტად იმ განლაგებით გავიდა, რომლის შესახებაც პრესა იტყობინებოდა.
„ვცდილობთ ტურნირის მოგებას, ჩვენი საკუთარი პრესა კი ავრცელებს ტაქტიკურ ინფორმაციას ჩვენი ვარჯიშის დასრულებიდან ორი საათის თავზე.
რა სარგებლობას მოუტანს გუნდს ის, რომ შვეიცარიის ნაკრებს ეს მონაცემები გადავეცით? ისინი, შესაძლოა, სხვა ფეხბურთს ელოდნენ ჩვენგან, მაგრამ სამი დღე იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენ წინააღმდეგ.
მე ეს უნდა ვთქვა, რადგან ასეთია გარემო, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივდივართ“, – მოჰყავს საუტგეიტის სიტყვები TalkSPORT-ს.