საუკუნის შედეგიან მცველებში მოხვედრილი კვარაცხელია - საუკეთესო გოლი „დინამოში“ გავიტანე
საქართველოს პირველ არხთან ეროვნულ ნაკრებსა და თბილისის „დინამოში“ ნათამაშებმა გია კვარაცხელიამ არ დამალა, რომ მისთვის IFFHS-ის (საფეხბურთო სტატისტიკისა და ისტორიის გერმანული ინტერნეტ-პორტალი) მიერ შედგენილ 21-ე საუკუნის ყველაზე შედეგიან მცველებში მოხვედრა დიდი სიურპრიზი გამოდგა.
„ასეთ საპატიო სიაში მხოვედრას არათუ არ ველოდი, ვერც წარმოვიდგენდი! შოკში ვარ, ისეთი ხალხის გვერდით დამასახელეს. მიხარია, ჩემი გვარი და საქართველო სიაში რომ მოხვდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სიას მსოფლიოში ბევრი გაეცნობა და იქ „ჯორჯია“ რომ წერია, ეს ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გია კვარაცხელიამ.
ნახევარმცველად დაწყებული კარიერა გია კვარაცხელიამ მცველის როლში დაასრულა. კარიერა კი 19 წელი გააგრძელა – 1996 წელს „დინამო თბილისში“ ჩარიცხულმა ბოლოს 2015 წელს ბოლნისის „სიონში“ დაასრულა. 2007 წელს ლიეტუვის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს. ითამაშა საქართველო 17, 19, 21-წლამდელთა და ეროვნულ (7 მატჩი) ნაკრებებში. სულ 75 გოლი გაიტანა, მათგან 21-ე საუკუნეში – 65 გოლი.
ქართველი ვეტერანი ისეთ ცნობილ მცველს უსწრებს, როგორებიც არიან დანიელ ვან ბუიტენი, დიეგო ლუგანო, ლუიზაო, ჟერარ პიკეს, ალექსი, იან ვერტონგენი, დიეგო გოდინი, მარსელო.
კვარაცხელიამ თავისი გატანილი გოლებიდან ორი გამოარჩია და ორივე „დინამო თბილისის“ ფორმით გატანილი.
„ფეხბურთელისთვის ყველაზე დაუვიწყარი კარიერაში გატანილი პირველი გოლია და გამონაკლისი მეც არ ვარ. ამიტომ ეს არ დამავიწყდება. 17 წლის ვიყავი, „დინამოს“ ფორმით თავი პირველად რომ გამოვიჩინე და ხაშურის გუნდს მატჩი ამ გოლით 1:0 მოვუგეთ. საერთოდ, კარიერაში საუკეთესო გოლი 2013 წელს გავიტანე. იმ დროსაც „დინამოში“ ვთამაშობდი და „ვიტ ჯორჯიასთან“ ე.წ. „მაკრატელა“ შევასრულე“, – იხსენებს 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი.