საუდის არაბეთში ქალებისთვის პირველი მარათონული გარბენი გაიმართა, – იტყობინება Arabian Business-ი. მასში მონაწილეობა დაახლოებით 1500-მა მორბენალმა მიიღო და მათ დიდ ნაწილს ტრადიციული მუსლიმური სამოსი ეცვა.
„მარათონის მიზანია, რბენის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება“, – განაცხადა მარათონის ორგანიზატორმა მალიქ ალ-მუსამ.
მარათონის მონაწილეებმა სამკილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. გამარჯვებული მიზნა ალ-ნასარი 15 წუთში ჩაეტია.
არაბული სამყარო ამ მიმართულებით თანდათან უფრო ლიბერალური ხდება. ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრებისა და არმიაში სამსახურის ნება დართეს.