საუდის არაბეთში აღიარეს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო
საუდის არაბეთმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. ახლა უკვე საუდის არაბეთშიც აღიარებენ, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ინფორმაციას საუდის არაბეთის ტელევიზიები ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურორი ალ მოჰება ამტკიცებს, რომ გამომძიებლები მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ.
საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას, რომ სტამბოლში სამეფოს საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან პრინცს კავშირი აქვს. თავად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე კი, მონაწილეობას იღებს სადაზვერვო სამსახურის რეფორმებისადმი მიძღვნილი კომიტეტის სხდომაში.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.