საუდის არაბეთის მეფემ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დადასტურების შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, მან დაითხოვა საერთო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გენერალი ახმედ ასირი. ამასთან, მედიის ცნობით, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მრჩეველი საუდ ალ კატხანი. საუდის არაბეთის მეფის ამ საკადრო გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა ინფორმაცია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილის დადასტურების შესახებ. ფაქტი ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მკვდარია და ის სტამბოლში, საკონსულოში „ჩხუბის შედეგად“ გარდაიცვალა.
ჯამალ ხაშოგი ორ ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.