საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია „ჰუსიტების“ ობიექტების დაბომბვას გეგმავს, კოალიცია იემენის დედაქალაქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია იემენის დედაქალაქ სანას მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კოალიცია იემენელი „ჰუსიტების“ ობიექტების დაბომბვას გეგმავს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ჰუსიტი აჯანყებულების მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, იემენის დედაქალაქში ნავთობის გადამამუშავებელ სადგურზე თავდასხმა მოხდა.
„ჰუსიტების“ მიერ მართულმა ტელეარხმა „ალ-მასირაჰმა“ განაცხადა, რომ სამიზნე სანააში მდებარე იემენის ნავთობკომპანიის სადგური გახდა.
დაჯგუფების ლიდერების განცხადებით, ისინი ერ-რიადს „მტკივნეულ“ პასუხს გასცემენ.
„იემენის დედაქალაქზე ნებისმიერ თავდასხმას საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მკაცრი და მტკივნეული პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ამბოხებული დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ.
მისივე თქმით, ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთში Aramco-ს ნაბთობობიექტებზე მიიტანენ საპასუხო დარტყმებს და საუდის არაბეთის მოსახლეობას და ნაბთობკომპანიის თანამშრომლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. Aramco საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანიაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათი მსხვილი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელია.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდასხმას წინ უძღოდა ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმა, რომელზეც პასუხისმგებლობაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.