საუდის არაბეთის გრანდებს ზამთარში ხმაურიანი ტრანსფერები აეკრძალათ #1TVSPORT
საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო ინვესტიციების ფონდმა ლიმიტი დაუწესა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერებს.
შეზღუდვები შეეხება კლუბებს, რომელთა დაფინანსებით დაკავებულია სახელმწიფო ფონდი. მათ შორისაა კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“, ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადი“ და ნეიმარის „ალ-ჰილალი“. ასევე, „ალ-აჰლი“, რომელშიც რამდენიმე ვარსკვლავი თამაშობს.
კლუბებს რჩებათ უფლება, კვლავინდებურად განახორციელონ გარიგებები, ოღონდ საკუთარი ძალებით. გარდა ამისა, თითოეულმა გარიგებამ უნდა გაიაროს რამდენიმე რთული მოთხოვნა, ვიდრე ნებართვა გაიცემა.
სახელმწიფო ფონდის დახმარების გარეშე გუნდები ვერ შეძლებენ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის გამეორებას, რომლის დროსაც საუდის არაბეთში დიდი თანხების სანაცვლოდ ბევრი ვარსკვლავი ჩავიდა. ამიტომაც ზამთარში ხმაურიანი გარიგებები არ იგეგმება, – წერს ესპანური გაზეთი AS-ი.