საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა

09:47, 11.10.2026

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 309 კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს აეროპორტზე მიმდინარე კვირაში განხორციელებული მესამე თავდასხმა იყო.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საუდის არაბეთის ოთხი და ბანგლადეშის ორი მოქალაქე, ასევე აშშ-ის, იორდანიის, პალესტინის, სირიის, სუდანისა და ეგვიპტის თითო-თითო მოქალაქე არიან. დაშავებულები საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ვერტმფრენებით გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ცნობით, თავდასხმა, რომელიც საუდის არაბეთში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მსხვერპლიანი იერიში იყო, წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა. საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელ სისტემას განგაში არ გამოუცხადებია. თავდასხმის შემდეგ ერ რიადიდან ყველა ავიარეისი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, აეროპორტის მუშაობა კი დროებით შეჩერდა.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ თავდასხმაზე საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო. დაძაბულობის ფონზე ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ დაჯგუფება საუდის არაბეთთან შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. დაჯგუფების განცხადებით, ის მზად არის, საუდის არაბეთთან საპასუხო ნაბიჯებზე შეთანხმდეს, რათა აეროპორტები, საზღვაო პორტები და ჰუმანიტარული დანიშნულების სხვა ობიექტები სამხედრო დაპირისპირების მიღმა დარჩეს. „ჰუსიტების“ განცხადებით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ჰუმანიტარული მნიშვნელობის ობიექტებზე, განსაკუთრებით კი აეროპორტებსა და საზღვაო პორტებზე თავდასხმებისგან. ამასთან, დაჯგუფებამ ავიაკომპანიებს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ის სამხედრო ოპერაციების ზონად გამოაცხადა.

„ჰუსიტებს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღიათ, თუმცა დაჯგუფების მედია ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათ ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს.

მსგავსი