საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი მემკვიდრე პრინც სალმანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი მემკვიდრე პრინც სალმანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი საად ალ-ჯაბრი მემკვიდრე პრინც სალმანს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. აშშ-ის სასამართლოში წარდგენილი საბუთების მიხედვით, სალმანმა საად ალ-ჯაბრის ლიკვიდაციის მიზნით სპეციალური ჯგუფი კანადაში, სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გაგზავნა.

ყოფილი მაღალჩინოსანი საუდის არაბეთიდან სამი წლის წინ გაიქცა. მას შემდეგ ალ-ჯაბრი კანადაში კერძო უსაფრთხოების დაცვის ქვეშ იყო.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, შეთქმულება ჩავარდა, რადგან კანადელმა მებაჟეებმა საუდელების დაჯგუფება საეჭვოდ მიიჩნიეს, რომლებიც კანადაში შესვლას ტორონტოს აეროპორტიდან ცდილობდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ საად ალ-ჯაბრი ბრიტანული „ემაი 6“-ისა და სხვა დასავლური სადაზვერვო სააგენტოებისთვის საუდის არაბეთში წლების განმავლობაში იყო საკვანძო შუამავალი. ალ-ჯაბრი აცხადებს, რომ პრინცი სალმანი საუდის არაბეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა და მის შვილებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა.

საად ალ-ჯაბრი წლების განმავლობაში პრინც მოჰამედ ბინ-ნაიეფის გუნდში მუშაობდა. მას დოქტორის ხარისხი და გენერლის წოდება აქვს. 2015 წელს, მეფე აბდულას სიკვდილის შემდეგ, მისი ნახევარძმა სალმანი გამეფდა, რომელმაც მისი უმცროსი შვილი, მოჰამედ ბინ სალმანი თავდაცვის მინისტრად დანიშნა. 2017 წელს სალმანმა უსისხლო გადატრიალება მოახდინა, რის შემდეგაც პრინცი ნაიეფი მემკვიდრე პრინცი გახდა. პრინცი ამჟამად დაკავებულია, მას ქონება ჩამოართვეს და ვინც მისთვის მუშაობდა, თანამდებობებიდან მოხსნეს. საად ალ-ჯაბრი კანადაში გაიქცა.