საუდის არაბეთი ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს
საუდის არაბეთი ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთი ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია, დანარჩენებს კი აფრთხილებს, რომ არ გაემგზავრონ იქ.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც საუდის მხარდაჭერილი ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი თანამდებობიდან იმ მიზეზით გადადგა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
საუდის არაბეთმა ლიბანის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში ირანის მხარდამჭერ ლიბანურ სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლას“ დასდო ბრალი.
საუდის არაბეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტის მიმართულებით რაკეტის სროლა შესაძლოა, საომარ ქმედებად შეფასდეს. განცხადებაში ასევე წერია, რომ საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ შესაბამისი საპასუხო მოქმედების უფლებას იტოვებს.

ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენში სახმელეთო გამშვები პუნქტები, საზღვაო პორტები და აეროპორტები დახურა.
შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის და მხარს გაქცეულ პრეზიდენტ, მანსურ ჰადის უჭერს.
ლიბანში შიშობენ, რომ მათი ქვეყანა უფრო სერიოზულ კონფლიქტში აღმოჩნდება საუდის არაბეთს, მსხვილ სუნიტურ ძალებსა და შიიტურ ირანს შორის, რომელიც რეგიონში მათი უმთავრესი მოწინააღმდეგეა.

 

ავტორი: თეი კანაშვილი