სატურნის ახალი, საოცრად დეტალური ფოტო „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპისგან — #1tvმეცნიერება
სატურნის ახალი, საოცრად დეტალური ფოტო „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპისგან — #1tvმეცნიერება

უკვე 30 წელიწადია, „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის ორბიტაზე, პლანეტის ზედაპირიდან 547 კმ სიმაღლეზე მოძრაობს. ბოლო წლებში ხანდაზმულ თანამგზავრს რამდენიმე პრობლემა შეექმნა, მაგრამ შთამბეჭდავი კოსმოსური ფოტოების გადაღება მაინც არ შეუწყვიტავს.

მაგალითად, ივლისის დასაწყისში, ჰაბლმა მზის სისტემისთვისაც მოიცალა და სატურნს 1,35 მილიონი კილომეტრიდან გადაუღო კრისტალურად სუფთა ფოტო; როგორც წესი, ეს პლანეტა შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ სინათლის წერტილად მოჩანს.

ამჟამად სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზედა ნახევარი ჩვენკენ (და მზისკენ) არის გადმოხრილი.

თუმცა, სატურნის ზაფხული სულაც არაა ისეთი, როგორიც შეიძლება წარმოგედგინოთ. გაზის გიგანტი სითბოს უმეტეს ნაწილს უფრო საკუთარი წიაღიდან იღებს, ვიდრე მზისგან, საშუალო ტემპერატურა კი -178 გრადუსი ცელსიუსია.

ფოტო არა მხოლოდ გასაოცარია, არამედ მეცნიერებს პლანეტის შესახებ ახალი დეტალების გარკვევაშიც ეხმარება. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის ოდნავ წითელი ბინდი.

ნასას მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მზის სინათლე ცვლის ატმოსფერულ ცირკულაციას, ანუ ცვლის პლანეტის ფოტოქიმიურ ნისლს. როგორც სურათის ძირში ხედავთ, სამხრეთ პოლუსს ოდნავ ცისფერი ნისლი აქვს.

„გასაოცარია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი, სატურნზე სეზონურ ცვლილებებს ვხედავთ“, — ამბობს ნასას პლანეტური მეცნიერი ემი საიმონი.

ფოტოზე ასევე ხედავთ სატურნის 80 მთვარიდან ორს — მიმასს, ციცქნა წერტილის სახით ფოტოს მარჯვნივ და ენცელადს, ოდნავ დიდ წერტილს ფოტოს ძირში.

„ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაუშვეს, რომელმაც მას შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი დაკვირვება ჩაატარა; მის მიერ გადაღებული ფოტოების უმეტესობაზე ასახულია შორეული გალაქტიკები, ნისლეულები და ვარსკვლავები; თუმცა, ხანდახან ის მზის სისტემის პლანეტებსაც იღებს.

მაგალითად, პროგრამა OPAL-ის ფარგლებში, ყოველწლიურად უღებს ფოტოებს სატურნს; თითოეული სურათი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება.

ასეთი ახლო კადრების საშუალებით, მეცნიერები მზის სისტემის ობიექტებს თვალყურს ადევნებენ სპეციალურად თითოეული პლანეტისთვის განკუთვნილი ძვირი და გრძელვადიანი მისიების გარეშე.

სატურნის შესახებ ასტრონომებს შორის არსებული ერთ-ერთი მთავარი კითხვა მის რგოლებს უკავშირდება — როდის წარმოიქმნა ეს გასაოცარი სარტყლები?

„ნასას ხომალდ კასინის მიერ სატურნის ატმოსფეროში შესწავლილი ციცქნა მარცვლები მიუთითებს, რომ რგოლებს მხოლოდ 300 მილიონ წელიწადს შეუძლია გაძლება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რგოლების სისტემა ახალგაზრდა უნდა იყოს“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი მაიკლ ვონგი.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი