სატელიტური მონაცემები აჩვენებს, რომ დედამიწაზე სასმელი წყლის მარაგები მცირდება – ამის მთავარი მიზეზი აგრარული საქმიანობაა

15:18, 16.10.2026
ეს ფოტო სალვადორში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზრობაზეა გადაღებული. გაძვალტყავებული ძროხების პატრონები იძულებულნი არიან, ისინი იაფად, მანამდე გაყიდონ, ვიდრე „ელ-ნინიოს“ ფენომენით გამოწვეული გვალვის გამო დაიხოცებიან

ეს ფოტო სალვადორში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზრობაზეა გადაღებული. გაძვალტყავებული ძროხების პატრონები იძულებულნი არიან, ისინი იაფად, მანამდე გაყიდონ, ვიდრე „ელ-ნინიოს“ ფენომენით გამოწვეული გვალვის გამო დაიხოცებიან

ხანგრძლივი გვალვებისა და გრუნტის წყლების შემცირების გამო, მსოფლიო წყლის სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანის საქმიანობა და კლიმატის ცვლილებები. აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცის (NASA) ბოლო თანამგზავრული მონაცემები ადასტურებს როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა წყლის მარაგების კრიტიკულ შემცირებას, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, აშშ და ინდოეთი.

გვალვა, რომელიც დღეს მსოფლიოს მრავალ ნაწილში იგრძნობა, მოულოდნელად არ დაწყებულა. ის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში წყლის მარაგების შემცირების შედეგია. ამერიკული თანამგზავრების მონაცემები აჩვენებს, რომ წყლის მარაგები ინტენსიურად იკლებს არა მხოლოდ ხმელეთის ზედაპირზე, სადაც ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, არამედ მიწისქვეშა ბუნებრივ წყალსაცავებშიც.

დუნაი ისე დაშრა, რომ მის სიახლოვეს მდებარე ატომური ელექტროსადგურის გაჩერება გახდა საჭირო. ჩეხეთის წყალსაცავებში წყალმა იმ დონემდე დაიხია უკან, რომ იმ ტერიტორიებზე ადრე არსებული სოფლები ისევ გამოჩნდა. გერმანიაში, მდინარე ელბას დამშრალ კალაპოტში კი ადამიანები ისე გადაადგილდებიან, თითქოს ქუჩაში იყვნენ.

კიდევ ასობით სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ინტენსიური იყო (და კვლავაც არის) წელს გვალვა. NASA-ს ახალი მონაცემების თანახმად, არანაკლებ მასშტაბური პრობლემა იმალება მიწის ქვეშაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ჩანს, მას მაინც ფუნდამენტური გავლენა ექნება მომავალზე.

კვლევის მიზანი, რომელიც NASA-ს თანამგზავრების მონაცემებს ეფუძნებოდა, იყო იმის აღწერა, თუ როგორ იცვლება მტკნარი წყლის მარაგები ხმელეთის ზედაპირზე და მიწისქვეშ. მეცნიერებს სურდათ დაედგინათ ის რეგიონები, სადაც წყლის დეფიციტი შეიძლება წარმოიშვას. კვლევამ ასევე გამოავლინა ადგილები, სადაც მიწისქვეშა წყლების მარაგებზე ადამიანის საქმიანობა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

„ყველაზე დიდ შეშფოთებასის რეგიონები იწვევს, რომლებსაც ჩვენ ისედაც წყლის დეფიციტის მქონე ზონებად მივიჩნევთ“, – განუცხადა გამოცემა Earth.com-ს კვლევის მონაწილემ, მერილენდის უნივერსიტეტისა და NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკვლევარმა, მერი მაიკლ ო’ნილმა. მისივე თქმით,
სწორედ ამ ადგილებშია როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა წყლის მარაგების შემცირება იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე ივარაუდებოდა.

ამ კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის ციკლზე, მათ შორის გრუნტის წყლებზე. მიწისქვეშა წყლების მარაგების შემცირებას, ძირითადად, ადამიანის საქმიანობა განაპირობებს. მსოფლიოს მრავალ რეგიონში წყლის ციკლზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიწისქვეშა წყლების ამოტუმბვა სარწყავად, ასევე სამრეწველო საქმიანობისა და სხვა საჭიროებისთვის. წყლის ციკლზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლიმატის ცვლილებამაც, რომლის გამომწვევ მიზეზებს შორის ადამიანის საქმიანობას მთავარი ადგილი უკავია.

არამდგრადი მოხმარება

„მტკნარი წყლის გლობალური მოხმარების მთლიანი მოცულობა წელიწადში 3 800-დან 5 000 გიგატონამდე მერყეობს. წყლის არამდგრადმა გამოყენებამ მრავალ რეგიონში მისი დეფიციტი გამოიწვია“, – ნათქვამია კვლევაში. მკვლევარები განმარტავენ, რომ კვლევის მიზანი იყო ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მტკნარი წყლის მარაგების გრძელვადიანი ცვლილებების გამოვლენა და მათი ზუსტი შეფასება, რასაც წყლისა და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიების შემუშავების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ანალიზმა გამოავლინა 40 არეალი, სადაც ადამიანის საქმიანობა ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მარაგების შემცირების მთავარი მიზეზია. ამ კუთხით, ყველაზე უარყოფითი გავლენა იქონია ადამიანის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენებამ – ეს საქმიანობა, ანტარქტიდისა და ავსტრალიის გარდა, ყველგან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზედაპირული წყლის მარაგების მკვეთრ ცვლილებებთან.

ამ მიზეზით (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – რედ.) განპირობებული წყლის დანაკარგით ყველაზე მეტად დაზარალდა ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, აგრეთვე ჩრდილოეთ ინდოეთი, შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილია. წყლის მარაგების შემცირების წინა შეფასებები, რომლებიც გრუნტის წყლების მოპოვებას უკავშირდებოდა, საშუალოდ 45 პროცენტით დაბალი იყო, ამ ახალ შეფასებასთან შედარებით.

კოსმოსიდან დაკვირვება

ახალი კვლევა ტექნოლოგიების მნიშვნელოვანმა განვითარებამ გახადა შესაძლებელი. იგი NASA-ს მიერ განხორციელებული GRACE პროექტების თანამგზავრულ მონაცემებზე იყო დაფუძნებული. ამ გაზომვებისთვის გამოყოფილი ორი თანამგზავრი ორბიტაზე, შესაბამისად 2002 და 2019 წლებიდან იმყოფება. მათ დედამიწის გრავიტაციულ ველში უმცირესი ცვლილებებისა და რყევების გაზომვაც კი შეუძლიათ, რაც საშუალებას იძლევა, დააკვირდნენ, როგორ იცვლება მასის გადანაწილება ხმელეთზე, ოკეანეებსა და ატმოსფეროში.

თუმცა, ბოლო დრომდე ამ გაზომვების სიზუსტე შედარებით დაბალი იყო და მეცნიერებს მხოლოდ მიახლოებით შეეძლოთ იმ რეგიონების განსაზღვრა, სადაც წყლის მარაგების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ახლა მათი გაზომვების სიზუსტე საგრძნობლად არის გაუმჯობესენული. ახალი მეთოდი 2002-2025 წლების მონაცემების დამუშავების პროცესში უკვე გამოიყენეს.

შედეგად, წყლის მარაგების შესახებ მიღებული ინფორმაცია ათჯერ უფრო ზუსტია, ადრინდელთან შედარებით. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, დაედგინათ ის ადგილები, სადაც მტკნარი წყლის მარაგები ყველაზე მეტად შემცირდა, და ამ დანაკარგის რეალური მიზეზები გამოევლინათ.

„ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის არის, რომ მრავალი მდინარის აუზსა და წყალშემცველ ჰორიზონტში (აკვიფერში) მტკნარი წყლის მარაგების ცვლილების ტენდენციები იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს წყლისა და სურსათის უსაფრთხოებაზე, ჰიდროლოგიურ და კლიმატურ მოდელირებაზე, აგრეთვე დედამიწის სისტემაში მიმდინარე პროცესებს შორის არსებული მყიფე ბალანსის გააზრებაზე“, – ასკვნიან კვლევის ავტორები.

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: მარვინ რესინოსი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი, 2026 წელი, 16:39 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი