დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის სამუშაოები შეწყვეტილია
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისათვის სამუშაოები შეწყვეტილია

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტირიიდან ამ დროისათვის ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოს არის მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დავით გარეჯში ჩავიდა.

მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან დიალოგის შემდგომ მიღწეული იყო მოლაპარაკება სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა დილით ტერიტორიაზე ტექნიკა ისევ გამოჩნდა.

„გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია. უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა, რამაც გამოიწვია რიგი გაუგებრობები.

გზა ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები ალბათ გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და სამუშაოები გაჩერებულია”, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დავით გარეჯთან დაკავშირებით 1996 წელს მიღწეული შეთანხმება გაიხსენა.

„ვითარება ზოგადად ასეთია – 1996 წელს ორ ქვეყანას შორის შეთანხმება იყო მიღწეული, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ესარგებლათ 1938 წელს შექმნილი რუკით. ამ რუკების მიხედვით, საზღვარი გაცილებით შორსაა, ამ ქედიდან ალბათ 250-300 მეტრის მოშორებით. თუმცა შემდგომში, როდესაც კომისიის მიერ დადგენილი ხაზები არ დაემთხვა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ორი სახელმწიფო. ამ ეტაპისთვის საზღვრის ეს მონაკვეთი არის შეუთანხმებელი. შეუთანხმებელ მონაკვეთში ისედაც დარღვევაა რაიმე სამუშაოს შესრულება. ამიტომ, ფაქტის წინაშე ვართ, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია რიგი ხელშეკრულებები და რიგი კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებულიყო”, – აღნიშნა დეკანოზმა.

დატოვე კომენტარი